66 წლის სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 59,54% მიიღო. საქართველოს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკანასკნელი იქნება, ვინც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით აირჩია. საკონსტიტუციო ცვლილებით შემდეგ პრეზიდენტებს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას ოჯახში. სალომე ზურაბიშვილის წინაპრებმა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან, საქართველო 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დატოვეს.
სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი მეუღლესთან, ნინო ნიკოლაძესთან ერთად (ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი) საქართველოში აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა. ის იყო ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
სალომე ზურაბიშვილის ბაბუა, დედის მხრიდან მელქისედეკ კედიაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში მსახურობდა. პოლიტიკურ დევნილობაში ის მეუღლესთან აგრაფინე თავართქილაძესთან ერთად გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილის დედა ზეინაბ კედია ემიგრაციაში დაიბადა, სადაც მან გაიცნო ლევან ზურაბიშვილი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით შექმნა ოჯახი.
დაახლოებით ორი ათწლეულის განმავლობაში, ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართულ სათვისტომოს თავმჯდომარეობდა. მან, უფროს ძმასთან ერთად, დააარსა პარიზის წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში და ავიხდენდი ოცნებას.
სახლში ქართულად ვსაუბრობდით. ასე ჩამინერგეს სამშობლოს სიყვარული, რომელიც არასოდეს მენახა.
ჩემს შვილებს უცხოელებისთვის რთულად გამოსათქმელი სახელები თეიმურაზი და ქეთევანი დავარქვი და მეც მათთან ქართულად ლაპარაკი ვარჩიე."
პროფესიად, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატია აირჩია. როგორც თავად ამბობს, ამ არჩევანს ქვეცნობიერად, საფუძვლად ედო იმედი იმისა, რომ დიპლომატის პროფესიით, სამომავლოდ, საკუთარ სამშობლოს გამოადგებოდა.
1972 დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სწავლობდა ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტში, პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლაში.
პირველი დიპლომატიური სამსახური 22 წლის ასაკში, რომში, საფრანგეთის საელჩოში დაიწყო. 30-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო ჩადში საფრანგეთის საელჩოს მეორე ელჩი, გაეროში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივანი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გაეროს ირანის მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფის წვერი და ა.შ.
1984-88 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად, მოგვიანებით, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა.
2003 წლის ნოემბერში სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. თუმცა სამშობლოში მისი დიპლომატიური კარიერა მალე პოლიტიკურმა თანამდებობამ შეცვალა, 2004 წელს მას საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩააბარა. აღნიშნულ თანამდებობას სალომე ზურაბიშვილი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე იკავებდა. სწორედ მისი მინისტრობის დროს, 2005 წლის 30 მაისს მოეწერა ხელი ისტორიულ შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე.
ყველაზე რთული რუსეთთან საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკება იყო. გადავწყვიტე, ქართულ ენაზე მელაპარაკა რუსულის ნაცვლად, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ დსთ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ავაღებინე წითელი ხალიჩა, რომელიც რუსი მინისტრის თბილისში ჩამოსვლის გამო იყო დაფენილი, როცა მან უარი განაცხადა ყვავილებით შეემკო დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ძეგლი.
2005 წლის 19 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა, შემდეგ კი პარტია „საქართველოს გზა“ დააფუძნა. ამ დროიდან ის განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას საქართველოში ოპოზიციური ფლანგიდან.
2006 წელს მისი პარტია მონაწილეობას იღებდა თვითმართველობის არჩევნებში. 2007 წელს ერთიანი სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია, 2008 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შემადგენელი პარტია.
2010 წელს სალომე ზურაბიშვილმა დატოვა საქართველო და ირანის საკითხებზე მომუშავე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა ცესკომ ორმაგი მოქალაქეობის გამო, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრირებაზე უარი უთხრა. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა თუმცა საქმე მისი დამარცხებით დამთავრდა.
ისტორიული უსამართლობის გამო, ისედაც დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა სამშობლოში ჩამოსვლის და მის სამსახურში ჩადგომის შესაძლებლობა. გადავწყვიტე, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისათვის მიმეძღვნა. ჩემი წინაპრებისგან ასეთი ხასიათი მერგო - არასოდეს ვნებდები ბედს, არასოდეს ვუშინდები წინააღმდეგობას.
2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად, სადაც მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა რურუა დაამარცხა და გახდა პარლამენტის ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი.
საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ევროპული ტიპის ქვეყანა, სადაც არის ერთიანობა, სიმშვიდე და შემწყნარებლობა. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები! ესაა ის, რაზეც ოცნებობს თითოეული თქვენგანი! ჩვენს სამშობლოს უნდა ვემსახურო, სანამ შემიძლია ‒ ესაა ჩემი როლი ამ ცხოვრებაში! სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენი მხარდაჭერით, გავხდე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება საზოგადოების გამაერთიანებელი, მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის! მჯერა, რომ მოვიპოვებ თქვენს ნდობას და ვიქნები თქვენს მიერ არჩეული საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი!
სალომე ზურაბიშვილს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანები. მეორედ ის ჟურნალისტსა და პუბლიცისტზე, ჯანრი კაშიაზე იყო დაქორწინებული.