საქართველო აშშ-ს საქართველოს ოკუპაციის სამართლებრივ დონეზე დაფიქსირებას სთხოვს. ეს მოთხოვნა ქართულმა მხარემ დღეს ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისასასც დააყენა და პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღეში აშშ-ში ვიზიტის დროსაც გაახმოვანებს.
ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან, ამერიკელ კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესმენებთან პარლამენტში გამართული შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომდევნო კვირას ამერიკაში თავად მიემგზავრება და ამ თხოვნას იქაც დააფიქსირებს.
`ჩვენი მთავარი თხოვნა ამერიკის კონგრესის მიმართ არის ის, რომ კონგრესის მიერ სამართლებლივ დონეზე დაფიქსირდეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის სხვა საკითხებს, დავით ბაქრაძის განცხადებით, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საარჩევნო რეფორმაზე, უსაფრთხოების სიტუაციაზე საქართველოში და ა.შ.