პანკისის ხეობის მიმართულებით რუსეთის მიერ ბოევიკების განადგურების მიზეზით ოპერაციის მომზადების საფრთხე არსებობს. ასე შეაფასა რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
"ამ ეტაპზე პანკისის ხეობის მიმართულებით ოპერაციის დაწყების საშიშროება არ არსებობს, მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ რუსეთი ამისთვისEემზადებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც კრემლი საქართველოში ბოევიკების ბანაკებზე საუბრობს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არასდროს არ მიუთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იმ დიდი პიარის ნაწილია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ", - განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან მუდმივად იმის ძახილი, რომ საქართველოში ბოევიკების დაჯგუფების იმყოფებიან საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობას უკავშირდება.
"კრემლს სურს, რომ მსოფლიო დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერორისტების მფარველი ქვეყანაა", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შს სამინისტროს ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის გენერალ-მაიორი ნიკოლაი სიმაკოვის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების მომზადების სპეციალური ბანაკები შეიქმნა.
მისივე მტკიცებით, ბანაკებში აგროვებენ წარმომადგენლებს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან, ან იმ ადამიანებს, რომლებიც მართლმსაჯულებას ევროპულ სახელმწიფოებში ემალებიან.