თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი დღეს აღარ გაიმართება. კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.
მაშველებმა ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. შვიდ საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.
სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.