თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა.
ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა პორტრეტის შესასყიდად 1Stdibs გალერეასთან დაიწყეს მოლაპარაკება. ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს“, რომელმაც სრული - ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
გარდა იმისა, რომ ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება გამორჩეული და უნიკალური მოვლენაა, მას თან ემოციური დატვირთვაც ახლავს, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა, გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა.
მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენასთან ერთად, სიმბოლურიცაა.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზი მეფედ 1745 წელს სვეტიცხოველში მას შემდეგ ეკურთხა, რაც 130 წლის განმავლობაში საქართველოში ქრისტიანული წესით არ კურთხეულა არც ერთი მეფე. ასევე ხაზგასასმელია, რომ 1962 წელს ასტრახანში ქართველი მეცნიერების ჩართულობით გაიხსნა მეფეების აკლდამა, რა დროსაც მეფე თეიმურაზის პრაქტიკულად უხრწნელი ცხედარი აღმოაჩინეს. მეფის ნეშტს ზუსტად ის სამოსელი ემოსა, რაც ნახატზეა გამოსახული.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, უნიკალური განძი შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდა სამშობლოში. ნახატს საქართველოშიც ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება. 2 დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის და მეფე თეიმურაზ მეორის პორტრეტის ნახვა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში 24 ოქტომბერს 17:30 გაიმართება.
პორტრეტის ისტორია
1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ მეორემ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყველაზე ცნობილ მხატვარს ალექსანდრე ანტროპოვს (1716-1795) ქართველი ხელმწიფის დახატვა დაავალა.
იმავე წლის 21 ივნისს მეფე თეიმურაზმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია დაათვალიერა, სადაც მას ანტროპოვის ნახატის მიხედვით გაკეთებული გრავიურა საჩუქრად გადასცეს. ექსპონატის მარჯვენა კუთხეში წერია რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსანდრე ანტროპოვის პორტრეტის მიხედვით, ოსტატების - ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ, 1761 წელს. თეიმურაზის გრავიურა სულ რამდენიმე ეგზემპლიარად შემორჩა, რომლებიც რუსეთის მუზეუმებშია დაცული.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული გრავიურა დღემდე თეიმურაზის ყველაზე ძველ და ერთადერთ გამოსახულებად ითვლებოდა. მეფის ყველა მომდევნო პერიოდის პორტრეტი (მათ შორის ეროვნულ მუზეუმში დაცული გვიანი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვითაა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანტროპოვის უნიკალური ტილო დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა უნიკალური პორტრეტი, რომელზეც დახატული პირი ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ 1761 წელს შექმნილ გრავიურაზე გამოსახული თეიმურაზის იდენტური იყო. დაემთხვა ყველა დეტალი: კოსტიუმი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავზე და სამოსზე, სახის ყველა დეტალი.
ლონდონში არსებული Daniel Hunt Fine Art გალერეის ექსპერტების სანდი მალლეტის (Sandy Mallet) და ცნობილი რესტავრატორის ფაბიო მაძოკინის (Fabio Mazzocchini) მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნახატი დათარიღებული იყო 1760 წლის ახლო პერიოდით, რაც ასევე ზუსტად პასუხობდა ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთის იმპერატრიცას დავალებით ქართველი მეფის პორტრეტი 1761 წელს სანქტ- პეტერბურგში დაიხატა. ამდენად, საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ საქმე გვქონდა უნიკალურ აღმოჩენასთან, კერძოდ, მეფე თეიმურაზის ორიგინალ პორტრეტთან რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.
აღმოჩენა უნიკალურია რამდენიმე გარემოების გამო
ისტორიული ძნელბედობის გამო ქართველი მეფეების სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტია შემორჩენილი. ესენია: მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის, მეფე გიორგი მეთორმეტის და ამჯერად უკვე მეფე თეიმურაზისა.
პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც. ალექსი ანტროპოვი რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება.
ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.
პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას განაპირობებს მხატვრის ვინაობაც. ალექსანდრე ანტროპოვი რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად ითვლება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ანტროპოვის ფერწერული ტილოები ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.
თეიმურაზ მეორის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ფონდ „ქართუსა“ და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობას კიდევ ერთი მაგალითია. „ქართუმ“ 2001-2003 წლებში დააფინანსა ხელოვნების სასახლის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე, 2017 წელს ფონდის ფინანსური ხელშეწყობით დაიბეჭდა ინგლისურ-ქართული კრებულის "ერეკლე მეფე ინგლისურ და ბრიტანულ პრესაში" გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ მრავალი წელია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც უმნიშვნელოვანესი კონტრიბუციაა ქვეყნის კულტურის, ინფრასტრუქტურის თუ სხვა სექტორებში.
800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებაზე 100 მილიონი ლარამდე დაიხარჯა.
მხოლოდ მიმდინარე წელს 57 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელზეც ჯამში 11 მილიონი ლარი იხარჯება.
2015-16 წლებში ფონდის ძალისხმევით საქართველოში დაბრუნდა ფიროსმანის ორი მნიშვნელოვანი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“, ჯამური ღირებულებით ხუთნახევარი მილიონი ლარი.