ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები დაახელეს, დაჯილდოება ფარნკფურტში, მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართა.
- საუკეთესო რომანი
ლაშა ბუღაძე – „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- საუკეთესო პროზაული კრებული
ლევან მუსხელიშვილი – „მოკლე მოთხრობები” (სეზანი)
- საუკეთესო პოეტური კრებული
ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა” (ინტელექტი)
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
ზურა ჯიშკარიანი – „საღეჭი განთიადები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ირმა ტაველიძე – „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (დიოგენე)
- საუკეთესო ქართული თარგმანი
დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი II” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
ეკატერინე ტეტი, იულია დენგი – რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები” გერმანული თარგმანისთვის
- ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
ტილმან შპრეკელზენი
- ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
Mitteldeutscher Verlag
- პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ნინო ხარატიშვილი
- პრემია ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -
რეზო გაბრიაძე
„საბას“ დაჯილდოების ცერემონია წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად მიიჩნევა. წელს „საბა“ ყველაზე განსხვავებულად ჩატარდა - დაჯილდოების მე-16 საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართა, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იყო.
გამარჯვებული ავტორები, სპეციალურ პრიზთან ერთად ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ, რომელიც მათ თიბისი ბანკმა გადასცა.
ცერემონიას, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“, რომელიც თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა, დღეს ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ლიტერატურული ჯილდოა საქართველოში.
ყოველწლიურად ჟიური განიხილავს გასულ წელს ქართულად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს (რომანი, პროზაული/პოეტური კრებული, დოკუმენტური პროზა, თარგმანი და სხვ.) და ქართული ნაწარმოების უცხოენოვან თარგმანებს.
„საბას“ წლევანდელ ჟიურიში იყვნენ: პროფესორი ზურაბ კიკნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, მთარგმნელი ლელა დუმბაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი და მსახიობი ნინო კასრაძე.