7 ოქტომბერს, თბილისში, კონკას მიმდებარე სკვერში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.
რევაზ ლაღიძის ძეგლის დედაქალაქში დადგმის მოთხოვნით, 2016 წელს ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა. მოქალაქეებმა ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოს, მერიასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართეს.
მოქალაქეების თხონა დაკმაყოფილდა და კომპოზიტორის ბიუსტის დადგმა გადაწყდა.
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში (ამჟამინდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი ვიოლინოს განხრით, 1941-1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია.
რევაზ ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მის მიერ შექმნილი “სიმღერა თბილისზე”, საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად და ერთგვარ ჰიმნად იქცა.
კომპოზიტორ ლაღიძის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები 70-ზე მეტ სპექტაკლსა და ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის არის „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ზვიგენის კბილი“, „ხევისბერი გოჩა“,„ახალგაზრდა მასწავლებელი“, „ტარიელ გოლუა“ და სხვა.
მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“, მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ და „კომბლე“, სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“, სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ , რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა – „სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა.
მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით.
რევაზ ლაღიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მიიღო რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში