„იბერიას დაცვის კომიტეტი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამინისტროდან „გაიპარა“ და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სამინისტროები, უწყებები ემორჩილებიან კრიმინალურ სინდიკატს. ამ სამარცხვინო ე.წ. ფინანსთა მინისტრს არ აღმოაჩნდა პასუხები „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების მომართ. არ აღმოაჩნდა პასუხები ქართული საზოგადოების მიმართ. ამიტომაც „იბერიას დაცვის კომიტეტი“ დღეიდან გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ დილიდან გავმართავთ საგანგებო სხდომას. აუცილებლად გავაგრძელებთ და უფრო დიდ მასშტაბებს შევძენთ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი ბიზნესის, თავისუფალი მედიისა და თითოეული მოქალაქის სოციალური, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვას“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართა.