"ეროვნული საბჭო" მასწავლებლების უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებზე საუბრობს. შესაბამისი განცხადებები დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ეროვნული საბჭოს" წევრებმა ალექსანდრე შალამბერიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთეს. დღევანდელ პრესკონფერენციას დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციის წევრი, ლია ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა.
"ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, პედაგოგების მასობრივი დათხოვნა საჯარო სკოლებიდან მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდა აგვისტოს თვეში, ახალი სასწავლო წლის მოახლოების პარალელურდ. შალამბერიძის მტკიცებით, პედაგოგთა განთავისუფლება ხდება სრულიად უმოტივაციოდ.
"განთავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული პედაგოგთა განთავისუფლების საფუძვლები არღვევდნენ თუ არა შიდაგანაწესს, შეესაბამება მათი კომპეტენცია სასწავლო პროცესს თუ არა და სხვა მოთხოვნები, რომელთაც მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ გათავისუფლების ფორმალური პროცედურის ამსახველი ნორმები და არ არსებობს გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ მითითებაც კი, რაც ნიშნავს, რომ პედაგოგთა გათავისუფლება მოხდა უსაფუძვლოდ და უკანონოდ", - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით უკვე მოხერხდა ორი თანამდებობიდან გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენა. ამასთან, შალამბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასამართლოში 24 სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელია შესული.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები პედაგოგებს მოუწოდებენ, ხელი არ მოაწერონ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანა ვეღარ მოხერხდება. "ეროვნული საბჭო" ყველა დაზარალებულ პედაგოგს მოუწოდებს მიმართონ დამოუკიდებელ პედაგოგთა ასოციაციას. ასევე, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები პედაგოგებს თხოვნით მიმართავენ, მონაწილეობა მიიღონ 7 ოქტომბერს დაგეგმილ სოლიდარობის აქციაში, სადაც დევნილები და გარემოვაჭრეებიც იქნებიან წარმოდგენილები.