პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, ხელისუფლების მხრიდან დევნილების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და უახლოეს დღეებში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის გამართვასა და სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიწვევას ითხოვს.
როგორც დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაიამ აღნიშნა, მას სურს პრემიერ-მინისტრისგან მოისმინოს რატომ არ ასრულებს მთავრობა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას და რა არის მათ მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საფუძველი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დევნილების მიმართ განხორციელებული ქმედებები არაჰუმანურ მოპყრობას ნიშნავს, რაც გაერო-ს დევნილთა კომისარიატის მიერ გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება.
"იკვეთება არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის, არამედ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია არა ერთი უწყების, არამედ მთელი მთავრობის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებული, შესაბამისად მასზე პასუხისმგებელიც მთელი მთავრობაა", _ განაცხადა დავითაიამ.