ოპოზიციის მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილი არდადეგები ექსპერტებში გაუგებრობას იწვევს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების აქტიურობის პირობებში ოპოზიციის დასვენება გაუგებარია.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციისთვის საზოგადოების მხარდაჭერის ფაქტორს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავს და არა თავად ოპოზიციის ქმედება.
"ხშირად ოპოზიციის მიერ ხალხის გამოყვანა დამოკიდებული იყო ხელისუფლებაზე, რადგან საზოგადოება ოპოზიციას არ აჰყვებოდა, რომ არა მთავრობის მიმართ გაჩენილი პროტესტი. შემოდგომისთვის, პოლიტიკური სეზონის გააქტიურების დროს კი, მოსახლეობის ოპოზიციის მხარეს გადასვლა ისევ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, მაშინ, როცა ქვეყანაში ის პოლიტიკური ძალა ისვენებს, რომლის ოპონენტიც აქტიურია, ეს ოპოზიციის რეიტინგისთვის სახარბიელო არ იქნება.