იარაღი ჩადებულია თუ არა, ამაზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გიორგისთვის წარმოუდგენელია, საიდან აღმოჩნდა ეს იარაღი. ეს ფაქტი მისთვისაც გაურკვეველია, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ხელმეორედ დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ავდოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.
როგორც ის განმარტავს, დაკავებული საგამოძიებო ორგანოსთან თავიდანვე თანამშრომლობდა და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკავეს ის.
„მეც და გიორგიც, აღნიშნულით გაოგნებული ვართ. გიორგისთან მიმართებაში რა კითხვებიც არსებობდა, ის ყველა კითხვას ღიად პასუხობდა, გამოძიებასთან გახსნილი იყო, თანამშრომლობდა, როცა იბარებდნენ, მიდიოდა. ამის მიუხედავად, ბრალდების მხარემ მაინც მიმართა ბრალდების მხარეს, რომ მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, განჩინება აეღოთ“, - აცხადებს კობაიძე.
ცნობისთვის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამის კუთვნილი სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში 2018 წლის 15 იანვარს მოკლეს.
ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა 16 იანვარს გიორგი ჭანტურია დააკავეს, თუმცა, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარუდგინეს. გუშინ გვიან ღამით კი, ჭანტურია სამართალდამცავებმა კვლავ დააკავეს.