ხვალ, 23 აგვისტოს, ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდება. გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგილულად დაიღუპა გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, 1957 წელს ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა. სულ სამიოდე წელიწადს იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა: "შემოდგომა ბაბუა კოტესი", "სათაგური", "სიყვარული მარტის თვეში", "ნელი ტანგო", "თვირთვილა", "უსახელო უფლისციხელი" და "სიკვდილი მთაში". მოთხრობათა პირველი კრებული "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა.
რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. რჩეულიშვილის მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დააჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. გურამ რჩეულიშვილს მეგობარმა ნუგზარ წერეთელმა მიუძღვნა წიგნები: "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" და "აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენ წინ". გურამ რჩეულიშვილის სცენარებით გადაღებულია ფილმები - "ალავერდობა", "უსახელო უფლისციხელი". მწერლის ცხოვრება მისივე მოთხრობებს ჰგავდა სიმართლით, სისავსით, სიღრმით და თვით ლაკონიურობითაც. რჩეულიშვილი თავის თაობაში გამორჩეული ახალგაზრდა იყო ცხოვრებისეული და მწერლური სტილით, იგი მუდამ განსაცდელს ეჭიდებოდა, თითქოს ეძებდა მას და შეეწირა კიდეც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას: იგი 1960 წ. 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქ. გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად.
გურამ რჩეულიშვილი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.