კახეთის საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებულმა მასწავლებლებმა რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გასამართად საჭირო ნებართვის მისაღებად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 200-მდე პედაგოგი აპირებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, გამგეობაში პედაგოგების მოთხოვნა ჯერ-ჯერობით არ შესულა. "როცა მოთხოვნას გავეცნობით, მივიღებთ გადაწყვეტილებას რა რეაგირება მოვახდინოთ. რა აქვს ამ ხალხს გასაპროტესტებელი? სახელმწიფო ამდენ რამეს აკეთებს მათთვის", - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩუმლაყის საჯარო სკოლიდან 16 მასწავლებელი გაათავისუფლეს, გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლიდან - 12, ახაშნის საჯარო სკოლიდან 13, ანაგის საჯარო სკოლიდან 16, ბოდბის საჯარო სკოლიდან 19, კარდენახის საჯარო სკოლიდან 20 და ა.შ.