საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრები არიან: თემურ იაკობაშვილი, კობა ¬სუბელიანი, გიორგი ბარამია, დავით ალავიძე, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი და ოთარ ჟორდანია. მთავრობის ინფორმაციით, ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.
აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ეთნიკურად აფხაზს არერთგზის ჟენევის მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. ბატონი ლორიკი თვლიდა, რომ "ღმერთმა და ბედმა დაგვიწესა, რომ ვიცხოვროთ ერთად - ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ, მშვიდობიანად, მეგობრობაში, ნათესაურ სიყვარულში" და ამის აღსადგენად ყველფერს აკეთებდა.
ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".
მასალის გამოყენების პირობები