13 აგვისტოდან, "რომპეტროლ საქართველოს" მოდერნიზებული ნავთობბაზა სრული დატვირთვით მუშაობას განაახლებს. 13:00 საათზე ნავთობბაზას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ კეკელია და თბილისში საგანგებოდ ჩამოსული რომპეტროლის ჯგუფის გენერალური დირექტორი სადუოხას მერალიევი გახსნიან.
ნავთობბაზა, რომელსაც კომპანიამ 2 მილიონი დოლარი ინვესტიცია მოახმარა, განკუთვნილია საწვავის მიღების, შენახვისა და ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით მიწოდებისათვის, როგორც საკუთარი ავტოგასამართი ქსელის ასევე კორპორატიული და საბითუმო კლიენტების მოსამარაგებლად.
ნავთობბაზა აეროპორტთან ახლოს ლოჭინის ხეობაში მდებარეობს. მისი სრული რეკონსტრუქცია 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი სერტიფიცირებული წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ეკოლოგიური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა მისი მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების შესაძლებლობას და აღჭურვილია უკრაინიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით. ობიექტის რეზერვუარების პარკი სრულყოფაში კომპანია შAYBOLთ-ის სპეციალისტებმა მოიყვანეს.
„მოდერნიზაციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საწვავის შენახვის რეზერვუარების ტევადობა 6000 კბმ-დან 9500 კბმ-მდე გაიზარდა, ხოლო საწვავის ჩამოტვირთვის დრო 10 საათიდან 2 საათამდე შემცირდა. ერთდროულად გახდა შესაძლებელი 8-ის ნაცვლად 10 ცისტერნის ჩამოცლა. განსაკუთრებელი ყურადღება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ნორმების დაცვას დავუთმეთ და გავაძლიერეთ. ახლა უკვე შესაძლებელია ბაზის ფუნქციონირების პროცესის შეჩერების გარეშე პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ჩატარება," - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.