ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საბაჟოზე როგორც ცალკე ინსტიტუციის შემოსავლების სამსახურში სრული ინტეგრაცია და თანამედროვე დასავლური ტიპის სტრუქტურად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ბაინდურაშვილმა დღეს, ბათუმში პროექტ "მწვანე პორტალის" პრეზენტაციისას განაცხადა, აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ქვედანაყოფის მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად.
"სწორედ ამ პროცესის მართვისა და ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა `მწვანე პორტალი" რომლის კოორდინატორად რუსუდან კემულარია დაინიშნა", _ განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
ამიერიდან, რუსუდან კემულარია უხელმძღვანელებს საბაჟო ტრანსფორმაციის პროცესის ხელშემწყობ პროგრამას.
მისთვის პრიორიტეტები იქნება: მებაჟეების მომზადება-გადამზადება და მუდმივი ტრეინინგების სისტემის ჩამოყალიბება; ინტერგაციისათვის საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა; პროცედურების მაქსიმალური გამარტივება; ბიზნესმენებთან აქტიური კომუნიკაცია, ტრანსფორტამციის პროცესის ეფექტური წარმართვის მიზნით; საზღვარზე მეზობელ ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მართვის დანერგვა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება; საბაჟო კონტროლის სქემების დახვეწა.