ქართულ-ებრაული კომპანია "ტერა 1" აეროპორტის მიმდებარედ, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოსაწყობად შესაბამის ლიცენზიას არ ფლობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, სახელმწიფო "ტერა 1"-ისგან ლიცენზიის მისაღებად 250 ათას დოლარიან საბანკო გარანტას ითხოვს. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, საბანკო გარანტიის მოთხოვნამ მთავარი ინვესტორი, ებრაული კომპანია "ტერა ჯგუფი" ცოტა დააბნია და ამ დრომდე საბანკო გარანტიის გასაცემად თანხმობა არ გაუცია.
"ტერა 1"-ის ინფორმაციით, თავდაპირველად "ტერა ჯგუფს" სახემწიფომ განსხვავებუი პირობები შესთავაზა თუმცა საბოლოოს სახელმწიფომ პოზიცია შეიცვალა.
2008 წელს "ტერა 1"-მა აეროპორტის მიმდებარედ 45 ჰექტარი მიწა, 30 მლნ. დოლარად, იმ პირობით შეიძინა, რომ 10 ჰექტარზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოაწყობდა, თუმცა მთავარ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული გაუგებრობის გამო პროექტი შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ თბილისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობაზე დღეს ოფიციალურად განაცხადა. მთავრობის ინფორემაციით, თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 109 კვ/კმ-ზე მოეწყობა და ფუნქციონირებას ოფიციალურად 2012 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, აეროპორტის მიმდებარედ შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მინისტრის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ქართულ-ებრაული კომპანია "ტერა 1" შექმნის.
"საქართველოს ეკონომიკისათვის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც დაახლოებით 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება ექსპორტის დივერსიფიკაციისათვის და შესაძლებლობა გავზარდოთ მისი მოცულობა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე პროექტი განხორციელდება. მათ შორის, საუბარია ელექტრომოწყობილობებსა და დაცვის საშუალებებზე", _ განაცხადა ქობალიამ.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კიდევ ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება _ ქუთაისსა და ფოთში. თუმცა მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ ასეთი ზონა შეიქმნას ხელვაჩაურში, რაზეც თურქ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.