თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 109 კვ/კმ-ზე მოეწყობა და ფუნქციონირებას ოფიციალურად 2012 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, აეროპორტის მიმდებარედ შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მინისტრის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ქართულ-ებრაული კომპანია "ტერა 1" შექმნის.
"საქართველოს ეკონომიკისათვის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც დაახლოებით 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება ექსპორტის დივერსიფიკაციისათვის და შესაძლებლობა გავზარდოთ მისი მოცულობა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე პროექტი განხორციელდება. მათ შორის, საუბარია ელექტრომოწყობილობებსა და დაცვის საშუალებებზე", _ განაცხადა ქობალიამ.
შეგახსენებთ რომ "ტერა 1" აეროპორტთან ახლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდეც გეგმავდა. თუმცა კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო პროექტის განხორციელება ვერ მოახერხა.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კიდევ ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება _ ქუთაისსა და ფოთში. თუმცა მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ ასეთი ზონა შეიქმნას ხელვაჩაურში, რაზეც თურქ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.