თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, აეროპორტის დასახლებაში შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მინისტრის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ქართულ-ებრაული კომპანია "ტერა 1" შექმნის, რომელიც ოპერირებას, დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყებს.
"საქართველოს ეკონომიკისათვის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იქნება ადგილი, სადაც დაახლოებით 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვექნება საშუალება ექსპორტის დივერსიფიკაციისათვის და შესაძლებლობა გავზარდოთ მისი მოცულობა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე პროექტი განხორციელდება. მათ შორის, საუბარია ელექტრომოწყობილობებსა და დაცვის საშუალებებზე", _ განაცხადა ქობალიამ.
შეგახსენებთ რომ "ტერა 1" აეროპორტთან ახლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდეც გეგმავდა. თუმცა კომპანიამ გარკვეული მიზეზების გამო პროექტის განხორციელება ვერ მოახერხა.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კიდევ ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქმნება _ ქუთაისსა და ფოთში. თუმცა მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რომ ასეთი ზონა შეიქმნას ხელვაჩაურში, რაზეც თურქ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.