სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდში ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის დაარსების ისტორიაზე ხელნაწერი აღმოჩნდა. ამის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ხელნაწერი 1898 წლით არის დათარიღებული და მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის მიერ 1892-95 წლებში შეგროვებული მასალის ერთ ნაწილს მოიცავს.
„სიღნაღის მუზეუმში არაერთი საინტერესო მასალაა დაცული. ფონდის დამუშავება პერიოდულად ხდება ხოლმე. ბოლო მასალა, რაც მუზეუმის თანამშრომელებმა შევისწავლეთ, აღნიშნული ხელნაწერია. იგი ეხება ქრისტიანულ ძეგლებს, რომლებიც გამოკვლეულია ა.ს.ხახანოვის, მღვდელ საძაგლიშვილის, გ.წერეთლის, ვ.მ.სისოევის, ე.დ. ფელიცინას და გ.ი. კულიკოვის მიერ და გამოცემულია გრაფინია უვაროვას რედაქციით. გამოკვლევაში სრულყოფილადაა აღწერილი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ისტორია დაარსებიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე. მასში მოცემულია სია იმ მოღვაწეებისა, რომლებიც მსახურობდნენ ბოდბის მიტროპოლიტის კათედრაზე, ჩამოთვლილია მათი გვარები, რომლებიც ტაძარში, ქვის ფილების ქვეშ განისვენებენ", - განაცხადა მუზეუმის ფონდის ასისტენტმა მარიამ გულიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელნაწერში მითითებულია მე-17- მე-18 საუკუნეების ძვირფასეულობა, რაც იმ პერიოდისათვის ტაძრის საცავში იყო დაცული.