19-23 აგვისტოს ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი, რომელიც ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალთან თანამშრომლობით ტარდება, 35 ქვეყნის 55 წარმომადგენელს უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელი თინა მამულაშვილი.
ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურა. თინა მამულაშვილი და სხვა სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებათა პროგრამაში.
ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის დელეგატები კონტაქტებს დაამყარებენ თავიანთ კოლეგებსა და შოტლანდიის ლიტერატურულ ორგანიზაციებთან და მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ფესტივალში. დელეგატები მოუსმენენ სხვადასხვა მომხსენებლებს დიდი ბრიტანეთის ყველა კუთხიდან, დამწყებ და უკვე ცნობილ მწერლებს და პოეტებს ისევე როგორც ბელეტრისტებს.
ოთხი დღის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის დელეგატები, რომელთა შორის არიან ლიტერატურული ფესტივალების დირექტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, გამომცემლები და მთარგმნელები შეხვდებიან ნოველისტებს, პოეტებს, ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს, დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საინტერესო დისკუსიებში, საუბრებში, დებატებსა და ნაწარმოებების კითხვის სეანსებში. დელეგატები გაეცნობიან ახალ ლიტერატურას, დაესწრებიან დაჯილდოვების ცერემონიალებს და შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დებატებში.
გარდა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, ბუქ-ქეისის დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიტერატურულ პროფესიონალებს და მათთან კონტაქტები დაამყარონ.