საერთაშორისო მოძრაობა "ივერიელნი - თაობა საქართველოს მომავლისათვის" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "აგვისტოს ამ მძიმე დღეებში, როდესაც ბევრი ქართველის მეხსიერებაში ცოცხლდება 2008 წლის 7-8 აგვისტოს სისხლიანი მოვლენების ტრაგედია, მოსკოვი და მისი შემოგარენი, რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონები ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. ხანძარმა დაანაცრა მრავალი დასახლებული რაიონი, არის მსხვერპლი, რომელმაც გულგრილი არ დატოვა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ამ მძიმე დღეებში ვფიქრობთ საქართველომ უნდა გამოხატოს მისთვის ჩვეული თანადგომა, მხარდაჭერა ათასობით დაუცველი და გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ. მე, ანა რეხვიაშვილი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი, რომელმაც ჩემს მეგობრებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო მოძრაობა "ივერიელნი - თაობა საქართველოს მომავლისათვის" ვიღებ პასუხისმგებლობას მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიყვანო გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდების და ბავშვების, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი მორალური მხარდაჭერა და დახმარება. ეს ჩვენ უნდა შევძლოთ. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი ხვალინდელი, მშვიდობიანი ურთიერთობების", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები