შვეიცარიის ქალაქ ნოიშატელში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევების შესახებ და შვეიცარიელ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა 100 წლის იუბილის აღნიშვნის გაზიარებისათვის.
საღამოზე სიტყვით ასევე წარსდგა კანტონ ნოიშატელის იუსტიციის, უსაფრთხოებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალენ ღიბო, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და კმაყოფილება გამოხატა აღნიშნული ღონისძიების ნოიშატელში ჩატარებასთან დაკავშირებით.
კონცერტს დირიჟორობდა შვეიცარიელი მაესტრო, ნიკოლას ფარინე. სოლო პარტია კი ცნობილმა შვეიცარიელმა მევიოლინემ, ალექსანდრ დუბახმა შეასრულა. საღამოს ესწრებოდნენ ნოიშატელის დელეგატი კულტურის საკითხებში პატრის ნოეშვანდერი და სხვა საპატიო სტუმრები.
კონცერტის დასასრულს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი ინსტრუმენტების გამოფენა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტები შვეიცარელმა ოსტატმა კლოდ ლებემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით დაამზადა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც პირველი რესპუბლიკის შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს ასახავდა. გამოფენის სტუმრებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საინფორმაციო მასალას პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევების შესახებ დამოუკიდებელ საქართველოში. გამოფენის ფარგლებში საელჩოს ორგანიზებით მიღება მოეწყო.