მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას ამნისტიის შესახებ გაუმართლებლად მიიჩნევს. მოძრაობის ბათუმის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მზია დიასამიძემ მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტის შეთავაზებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი იხილავს. კერძოდ, ამ დოკუმენტის მიხედვით სასჯელი გაუნახევრდებათ იმ პირებს, ვისაც ჩადენილი აქვთ საქართველოს სს კოდექსის 273-ე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებები.
"გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ამ შემთხვევაში და სს კოდექსის რომელი მითითებით გაიმიჯნა ნარკომომხმარებელი ნარკორეალიზატორეისაგან, როდესაც საქართველოს სს კოდექსში ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის არ არსებობს რეალიზაციის მუხლი. კანონპროექტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ნარკომანიის თემა ხელისუფლებისთვის სავაჭროდ საკმაოდ მომგებიანი თემაა და ამტკიცებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება შერჩევითია. თუკი ხელისუფლებას აქვს სურვილი ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაშინ ამნისტირებული უნდა იყვნენ არა მხოლოდ სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული პირები, არამედ მთლიანად 260-ე მუხლით მსჯავრდებულები", _ განაცხადა მან.
მისი განცხადებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელს იხდის დამნაშავეთა სულ რაღაც 2%, რადგან ამ მუხლებით გასასამართლებელ პირებთან ძირითადად ხდება საპროცესო შეთანხმება. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლებას სურს შეუმსუბუქოს სასჯელი იმ პირებს, ვინც ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, არ უნდა უგულებელყოს ის ადამიანები, რომლებსაც მისჯილი აქვთ 7-14 წლამდე ან 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რადგანაც ეს პირები ძირითადად იმიტომ კი არ იხდიან სასჯელს, რომ არიან ნარკორეალიზატორები (ნარკორეალზატორებზე არსებობს გარკვეული ინფორმაცია მტკიცებულებების სახით სისხლის სამართლის საქმეში), არამედ იმიტომ, რომ მათ დაკავებისას აღმოაჩნდათ მომეტებული დოზა 0,014, 1,0, 2,0გრ ნარკოტიკული საშუალება მოხმარებისთვის.
"ბოლო პერიოდში აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებულ პირთა რიცხვი, ისჯებიან არა მარტო რეალიზატორები, არამედ მომხმარებლები. რეალიზატორები, ხშირ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად თავისუფლდებიან სასჯელისაგან, შესაბამისად, ისინი აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ მოქმედებას, ხოლო მომხმარებლები ისჯებიან უმკაცრესად. საჭიროა მოხდეს კანონის ლიბერალიზაცია და პატიმრებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული დანაშაულისათვის შემსუბუქდეთ სასჯელი, რადგანაც ნარკომანია არის დაავადება და მას მკურნალობა სჭირდება, არადა, ისინი იხდიან 5-10-20-25 წლიან სასჯელებს", _ განაცხადა მან.
დიასამიძის განცხადებით, საჭიროა,Gგაუქმდეს სასჯელთა შეკრების პრინციპი, მაგალითად, თუ პირმა ერთი კვირის განმავლობაში ჩაიდინა ორი ქურდობა, მან პასუხი უნდა აგოს ქურდობისთვის ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგანაც იგივეობითი დანაშაულია და არ გვაძლევს სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობას, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი ქურდობის მუხლით გათვალისწინერბული ქ/პუნქტების მიხედვით. დანაშაულთა შეკრების პრინციპით კი ვღებულობთ ქურდობას+ქურდობას და ვღებულობთ გაუმართლებელ სასჯელს.
"ასევე, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ნარკოტიკების საზღვარზე უკანონო შემოტანის დროს, 262-ე მუხლს ემატება 260-ე მუხლიც, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია,A მუხლთა შეკრებით ასეთ შემთხვევაში მინიმალურ სასჯელს ვღებულობთ 23 წელს, მაშინ როდესაც 262-ე მუხლი თავის თავში მოიცავს 260-ემუხლს, რადგანაც ცალსახად კვალიფიცირდება, რომ პირმა შეიძინა ნარკოტიკი და შემოაქვს ის საზღვარზე", - განაცხადა მან.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, დიასამიძის განცხადებით, ეს არის კანონის დამახინჯება, რადგანაც საქართველოს პროკურატურას საქართველოს სსსკ-ის 697-ე მუხლი სავაჭრო თემად აქვს ქცეული. ამას გარდა, ვხდებით სასჯელის შეუსაბამობას, რადგანაც არ შეიძლება პირი დაისაჯოს სამმაგი სასჯელით. საპროცესო გარიგების შემთხვევაში პირი ისჯება უმრავლეს შემთხვევაში ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად. ანუ ენიშნება რეარული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ენიშნება პირობითი მსჯავრი და ისჯება ჯარიმითაც.
"ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოს საკანომდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე: 1. უნდა გაუქმდეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპი; 2. უნდა შემუშავდეს კანონი ნარკოტიკების შესახებ, რომლითაც გაიმიჯნება ნარკომომხმარებელი ნარკორეალიზატორისაგან; 3. შეწყალების კომისიის მიერ შესწავლი იქნას ყველა იმ პატიმარის საქმე, რომლებიც კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების გამო არაადეკვატურ სასჯელებს იხდიან საპატიმრო დაწესებულებებში", _ განაცხადა მან.