რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 წლის თავზე გორში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხალ, 7 აგვისტოს 13:00 საათზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალური ხეივანი გაიხსნება, სადაც დაღუპული გორელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების სახელზე ხეები დარგვება.
ხვალვე, 20:00 საათზე, გორის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს რუკის კონტურზე სანთლები აინთება.
ხოლო 8 აგვისტოს, 09:00 საათზე გორის საკათედრო ტაძრში წირვა-ლოცვა აღევლინება. 12:00 საათზე გორისციხესთან ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდს გადაიხდიან. 13:00 საათზე ერთიანობის სიმბოლოდ გორის ციხის გარშემო ახალგაზრდების ცოცხალი ჯაჭვის მოწყობაა დაგეგმილი. გორის ციხიდან დაგეგმილია ასევე მშვიდობის სიმბოლო მტრედების გაშვება.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის დაიწყო. ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების გაერთიანებული სახედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკავების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.
25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: _ შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.