ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა და სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ზვიად დევდარიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად არის, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან ითანამშრომლოს.
„ეს იყო მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ. ბოდიშს ვუხდი მათ ამისთვის. ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას, მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში. ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად. მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი მიზანია, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ Facebook-სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან. სინამდვილეში რა იყო, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დავიწყე არა საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსების, რეპუტაციის გადასარჩენად” , – განაცხადა დევდარიანმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 17 მარტს „ტაბულამ“ 4 ქალის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
ისტორიების გამოქვეყნებამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა.
დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა, რასაც სახალხო დამცველი მიესალმა.
ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.