"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მიერ გაწერილი საბიუჯეტო პარამეტრები მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ხელისუფლება სოციალურ პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და სოციალური მიმართულებით ვალდებულებების შესრულებას არც მომავალ წელს აპირებს. ამის მაგალითად მან ძალოვანი უწყებების პენსიონერებთან დაკავშირებით "`დისკრიმინაციული მიდგომა~ გააპროტესტა,.
თარგამაძე ხელისუფლებას ე. წ. უმწეო მოსახლეობის მიმართ აღებული პოლიტიკის გამოც საყვედურობს.
მან საგადასახადო ადმინისტრირების სიმკაცრეზედაც ისაუბრა და მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისკენ მოუწოდა.
"როგორც გაირკვა, 2009 წლის ბიუჯეტიდან ~იაფი კრედიტისთვის~ განსაზღვრული 20 მილიონი ლარიდან უმეტესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ნაცვლად, რთველისთვის დაიხარჯა. 2010 წლის ბიუჯეტში კი "იაფი კრედიტის~ პროგრამა ნული ლარით ფინანსდება~, - განაცხადა თარგამაძემ.
უმცირესობის ლიდერმა სახელისუფლებო გუნდს სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც გაახსენა და როგორც განაცხადა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში გამოკითხულთა 75%-ს სამუშაო არ ჰქონია, 73% საკუთარი შემოსავლით მხოლოდ პროდუქტის შეძენას ახერხებს.
"ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% ახერხებს საცხოვრებელი სახლის, აგარაკის, მანქანის შეძენას~, - აცხადებს თარგამაძე.