31 აგვისტოს აშშ ერაყში ყველა საბრძოლო ოპერაციას დაასრულებს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ატლანტაში, ინვალიდ ომის ვეტერენებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით, ერაყში 2011 წლის ბოლომდე 50,000-დან - 65,000 სამხედრო მაინც დარჩება, რათა კონსულტირება გაუწიოს ერაყელ ჯარისკაცებს და "დაიცვას აშშ-ს ინტერესები". შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკელი სამხედროები ერაყელ კოლეგებს კონტრტერორისტულ ოპერაციების წარმოებაში კონსულტაციებს გაუწევენ.
ობამამ განაცხადა, რომ ერაყში საბრძოლო ოპერაციების დასრულება "პირობისამებრ და გრაფიკის მიხედვით ხდება".
"ერაყში ჩვენი ჯარისკაცების სამხედრო მისია იცვლება ჩვენი დიპლომატების სამშვიდობო მისიით", - განაცხადა ობამამ.
როგორც ცნობილია, 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბარაკ ობამა მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოსახლეობას ამერიკელი ჯარიკაცების ერაყიდან გამოყვანას ჰპირდებოდა. მან მშვიდობის განმტკიცების დარგში გაწეული შრომისათვის 2009 წელს ნობელის პრემიაც მიიღო.