დღეს ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი დაიბადა ოქსფორდში 1942 წლის 8 იანვარს. 60-იანი წლებში, სტივენს გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის სიმპტომები აღმოაჩნდა, რამაც დამბლამდე მიიყვანა. ხოლო ტრაქეის ამოკვეთის შემდეგ მან მეტყველების უნარიც დაკარგა. უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 30 წლის ასაკამდე იცოცხლებდა. მიუხედავად ფიზიკური შეზღუდვისა, ის უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 2013 წელს სტივენ ჰოკინგმა გამოსცა ავტობიოგრაფია “ჩემი მოკლე ისტორია”.
სტივენ ჰოკინგი „შავი ხვრელების“ წარმოშობას იკვლევდა და „დიდი აფეთქების“ შედეგად სამყაროს შექმნის თეორიის ავტორი იყო.
გთავაზობთ ჰოკინგის 10 საუკეთესო გამონათქვამს:
შემინიშნავს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით, გზაზე გადასვლამდე ყოველთვის იყურებიან აქეთ-იქით.
ცხოვრება ტრაგიკული იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს.
როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ცხოვრება, არ გაბრაზდე, რადგან შენ დაკარგავ ყველა იმედს თუ ვერ შეძლებ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე სიცილს.
მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვუთხრა, რისი სჯეროდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის, ღმერთის არსებობის საკითხი ნამდვილად ესადაგება მეცნიერებას. ბოლოს და ბოლოს, რთულია მოიფიქრო უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საიდუმლო, ვიდრე ის, თუ ვინ ან რამ შექმნა სამყარო და აკონტროლებს მას.
როცა მეკითხებიან, შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა, მე ვპასუხობ, რომ ეს კითხვა აზრს მოკლებულია. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა, ამიტომ არც ღმერთისთვის იყო დრო, რომ სამყარო შეექმნა. ეს დაახლოებით იგივეა, ეძებო მიმართულებები დედამიწის კიდისკენ. დედამიწა სფეროა და მას კიდეები არ გააჩნია. ამიტომ მისი ძებნა უნაყოფო და ფუჭი მცდელობაა.
სამყაროს საზღვარი ისაა, რომ მას საზღვრები არ გააჩნია.
ჩემი მიზანი მარტივია - სამყაროს სრული შეცნობა, რატომ არის ასეთი და საერთოდ რატომ არსებობს.
ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წავიდე, ყველგან მცნობენ. მუქი სათვალისა და პარიკის ტარება ჩემთვის საკმარისი არაა, სავარძელი ყოველთვის გამცემს.
მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბერი საშინელება იყო, ის არ უქმნიდა საფრთხეს კაცობრიობის არსებობას, განსხვავებით ბირთვული იარაღებისგან.
ფუნდამენტურად განსხვავდება რელიგია, რომელიც ეფუძნება ავტორიტეტებს, და მეცნიერება, რომელიც დამყარებულია დაკვირვებასა და მსჯელობაზე. მეცნიერება გაიმარჯვებს, რადგან ის მუშაობს.