საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, არ იძლევა შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილები, რომლებიც "საქართველოს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის“.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას.
„საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.
ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ["ტაბულა"]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. საქართველო შეთანხმებას არ შეუერთდა.