საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება.
„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არც ერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია კითხვებზე პასუხი, რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ის კითხვები, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
თბილისში ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გუშინ ღამით, დაახლოებით 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
სტატისტიკის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა. 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 543 შენობა, 2016 წელს კი - 468.