სუს-მა მთავარ ნივთმტიცებულებას თვითნებურად ნიშან-თვისება შეუცვალა - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ რუსლან ალდამოვისა და თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, იაღარი, საიდანაც თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით სპეცრაზმელმა სროლა განახორციელა, ექსპერტიზის ჩატარებამდე შეაკეთეს.
„დადგენილებაში გამომძიებელი ექსპერტს მიმარათვას: ჩვენთვის ცნობილია, რომ სპეცრაზმელმა თქვა, ერთი გასროლის შემდეგ იარაღმა გაუჭედა, რომლის თაობაზეც თავის ხელმძღვანელს აცნობა და დამიდგინეთ, არის თუ არა ეს იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში და გამართულიო.
ექსპერტი კი პასუხობს, რომ სპეცრაზმელი განმატრებით, ეს იარაღი ხელმძღვანელს გადასცა, ხელმძღვანელმა ის შეაკეთა და შეკეთებული გადმოსცეს ექსპერტიზასო. ეს იმას ნიშნავს, რომ იარაღი, რომლითაც კაცი მოკლეს, ანუ მთავარი მტკიცებულება შეაკეთეს და შეკეთებული მიუტანეს ექსპერტს“, - აცხადებს კუბლაშვილი.
მისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებები სანდო არაა, რადგან შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმელები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
„რამხელა აბსურდია, სპეცოპერაცია დაგეგმეს და სპეცრაზმელი გაუმართავი იარაღით წასულა. ამ დეტალიდან ნათლად ჩანს, როგორი გამართული და ორგანიზებულია ეს სამსახური. ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი უნდობლობა არა ტყუილების პლეადიდან გამომდინარეობს, რაც ამ საქმეში ნათლადაა წარმოდგენილი, არამედ იმ უმთავრესი ფაქტიდან, რომ სროლის შემდგომ სუსი 3 საათნახევარი თავისუფლად, დამოუკიდებლად განკარგავდა შემთხვევის ადგილს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახი დატყვევებული ჰყავდათ და ოთახიდან ვერ გამოდიოდნენ. სარწმუნო არაა აღარაფერი, რადგან მათ პროკურატურის გარეშე დამოუკიდებელი მოქმედებების უფლება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამხელა შესაძლებლობებისა, ფაქტია მაინც ვერ ,,დაალაგეს” გამართულად. რამდენადაც ტელეფონი ხელყუმბარაში შეეშალათ, იმდენად მათი პროფესიონალიზმიც ნაკლები იყო თავი დაეღწიათ ამ მდგომარეობიდან“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და უგონო მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 11 იანვარს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სუსის ინფორმაციით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.