23 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ინდოეთის რესპუბლიკაში, გოას შტატში წმინდა ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (The KETEVAN World & Sacred MusicFestival) ჩატარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური პროექტი საელჩოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ფესტივალი რელიგიისა და მუსიკის ჰარმონიულ თანაარსებობას განასახიერებს, რომლის შთაგონების წყაროც ქეთევან დედოფლის ცხოვრების ისტორიაა.
ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად, მსმენელთა წინაშე წარსდგება ქართველ მგალობელთა გუნდი „აღსავალი“. კონცერტები ჩატარდება იმ ადგილზე, სადაც წმ.დედოფლის ნაწილები იქნა აღმოჩენილი.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ინდოეთის სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურის, პრესისა და მასმედიის წარმომადგენლები.
მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2016 წელს გაიმართა და სისტემატიური ხასიათი მიიღო. პროექტი მოიცავს მუსიკალურ, საგანმანათლებლო, სოციალურ და კვლევით სფეროებს.