მათთვის [უმრავლესობის წევრებისთვის] რთულია იმის აღიარება, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სწორი იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფორმალურად ვეტო დაიძლია, მაგრამ დღესვე მოხდა იმ არგუმენტების სისწორის აღიარება, რომელიც ვეტოში იყო დაფიქსირებული.
„მათ თქვეს, რომ შემუშავდება კანონი და თუ ეს პრობლემას გამოიწვევს, კანონი გადაიხედება. ანუ, არაფერი ახალი, ეს არაერთ ვეტოზე გვინახავს, ჯერ დაძლევენ ვეტოს, თითქოს არამყარი არგუმენტებია და ცოტა ხანში თვითონვე შეაქვთ ცვლილებები, რაც ვეტოში იყო. მათთვის რთულია იმის აღიარება, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სწორი იყო. ამიტომ, ასე არარაციონალურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია. ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ამან ცუდი შედეგი მოახდინა მედიაგარემოზე. რატომ ვხარჯავთ ენერგიას ჯერ გაფუჭებაზე და შემდეგ ამის გაკეთებაში, ჩემთვის ამოუცნობია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.