შემაშფოთებელია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი [ზურაბ ალავიძე] დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას და რეგიონში ჩასული არ მინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანამ გამო ქვეყანას ექნება.
„მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისო კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს შეიცავს. მე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელძღვანელობს კომისიას დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვქნება. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.