საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იწყება საზაფხულო პროექტი, რომელიც რეგიონებში წლევანდელი 8 სადიპლომო ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს.
30 ივლისიდან 4 აგვისტომდე 8 სადიპლომო ნამუშევარი, 4 მხატვრული და 4 ანიმაციური ფილმი, ნაჩვენები იქნება წეროვანში, ბათუმში, გონიოში და აჭარის მაღალმთიან რაიონში, ხულოში.
ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოება შეხვდება უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანს - რეჟისორ დავით ჯანელიძეს, ასევე კინომცოდნე - ლელა ოჩიაურს. პროექტში მონაწილეობას იღებენ კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე მომავალი კულტურის მენეჯერები და კინომცოდნეები.
პროექტის მიზანია, საზოგადოება გაეცნოს რეჟისორთა მომავალი თაობის სტუდენტურ, სადიპლომო ფილმებს და თავად შეაფასოს, ქართული კინემატოგრაფის მომავალის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
სადიპლომო ფილმების წარმოება ეროვნული კინოცენტრის, „დუტა პროდაქშენის", „სინეტექის" და „დამოუკიდებელი კინო პროექტის" მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
სადიპლომო ფილმების სრულყოფილი წარმოება პროფესიონალების და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობით შედგა.