„მე მჯერა ის რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, რის დამტკიცებასაც ბრალდება ცდილობს, ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
„ბრალდების მხარის მიერ დაკითხული მოწმის ჩვენება, ჩვენი აზრით დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის, რადგან აღნიშნული მოწმე არცერთი ფაქტის თვითმხილველი არ არის და არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის პირდაპირ მოწმედ, თუმცა მან გარკვეული გარემოებები დაადასტურა.
ბრალდების მხარეს სურს წარმოაჩინოს რომ ყველა მათი მოწმე მნიშვნელოვანია, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. არცერთი მოწმის ჩვენებას რომელიც არ არის თვითმხილველი და რომელიც პირველი წყარი არ არის, ვერც გამამართლებელი და ვერც გამამტყუნებელი განაჩემნი ვერ დაეფუძნება. დაცვის მხარის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ არის. ჩვენ ყოველთვის სიმართლეს ვიტყვით.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის შინაარსობრივად განსხვავდება იმ ექსპერტიზისგან, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა განსხვავებულ გარემოებებს ადგენს“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
მისი განმარტებით, ყველაზე მთავარ კითხვაზე, თუ რამდენი პირი და რამდენი დანა მონაწილეობდა მკვლელობის საქმეში, პასუხის გასაცემად დაცვის მხარემ კომპლექსური ექსპერტიზები დანიშნა. როცა ამ ექსპერტიზების შედეგებს მივიღებთ აუცილებლად ვიშუამდგომლებთ მის დასაშვებობაზე.
მე მჯერა ის რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, ის რის დამტკიცებასაც ბრალდება ცდილობს, ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან“ აცხადებს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში.
მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია.
პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.