დღეს, ზამთრის რიგით 23-ე ოლიმპიურ თამაშები იწყება. სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 92 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები მოიყრიან თავს. 16 დღის განმავლობაში შეჯიბრები კორეის ორ ქალაქში გაიმართება. პიონჩანგის სამთო სათხილამურო კურორტი ალპენსია ცენტრალური ადგილი იქნება, სადაც ასპარეზობები ამ სახეობებში შედგება: სამთო სათხილამურო სპორტი, ტრამპლინი, ციგა, ბობსლეი, სკელეტონი, ბიატლონი და სხვა. მეზობელი ქალაქი კანინი კი ძირითადად იმ სახეობებს უმასპინძლებს, რომლებიც დარბაზში ტარდება – ჰოკეი, ქერლინგი, ციგურებით რბოლა, შორტ-ტრეკი და ფიგურული ციგურაობა.
ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიები პიონჩანგში მდებარე ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს. სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადა პირველია, სადაც მედლების 100-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდება. 15 დისციპლინაში სულ 102 შეჯიბრი გაიმართება.
საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება. ოლიმპიადის დებიუტანტები არიან ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი, საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.