"მოწამლული მოსწავლეების ნაწილის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ სასმელი წყალი ყველას სკოლაში არ დაულევია", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მე-16 სკოლაში 10 მოსწავლის მოწამვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მერის განმარტებით, შექმნილი მდგომარეობის გამოკვლევისა და ბავშვების ცუდად გახდომის რეალური მიზეზის დადგენის მიზნით ტარდება როგორც სასმელი წყლის, ასევე სკოლის ბუფეტში არსებული საკვების სრული ლაბორატორიული კვლევა.
„როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე მოვიდა. რამდენიმე ბავშვი მშობლების თანდასწრებით გადაიყვანეს სახლში. ძირითადი სიმპტომები ჰქონდათ თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სასმელი წყალი დღეს, ყველას სკოლაში არ დაულევია, ზოგმა სკოლის სასადილოში საკვები შეიძინა, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზება გავუკეთეთ და ჩავრთეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო, გამოვიძახეთ ეპიდემიოლოგები, რომლებიც სიტუაციას შეისწავლიან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 10 მოსწავლე მოიწამლა - მათგან სამი სახლში გაუშვეს.
მოზარდებს სამედიცინო დახმარება ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია.