საქართველოს აქვს მყარი გარანტია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იქნება იმ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე წინასწარი სპეკულაციები დაუშვებელია.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე, რომ ამ ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაზე წინასწარ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს საბუთები იქნება საკმარისად მყარი, საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.