"დღევანდელი აქცია არის დასაწყისი ბრძოლის, რომელსაც პროფკავშირები დაიწყებს შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტის მიღებამდე", -ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ დღეს გამართულ აქციაზე - „გახადე შრომა უსაფრთხო“, განუცხადა.
"პროფკავშირები საქართველოს მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა და თითქმის შეჯერებული ვიყავით კანონპროექტის ვარიანტზე, მოსმენებზე ვხედავთ, რომ უგულებელყოფილია პროფკავშირების მოთხოვნები. შრომის ინსპექციას, რომელიც ამ კანონის მიხედვით ამოქმედდება, არ ექნება უფლება, სამუშაო ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების გარეშე შევიდეს, რაც, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს შრომის ინსპექციის არსებობას, იმიტომ, რომ როცა დამსაქმებელს ატყობინებ, რომ უნდა შეამოწმო, ის ასწრებს ვიზუალურად გადამალოს დაზიანებული ელმავლები თუ მწყობრიდან გამოსული სამუშაო ტექნიკა, იარაღები და ა.შ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციას უფლება ექნება, შეამოწმოს მხოლოდ შრომის უსაფრთხოება და არ ექნება უფლება შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა გააკონტროლოს. ამ ორი მიმართულების ერთმანეთისგან განცალკევება არ შეიძლება, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იწყება დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებების შელახვით", - განმარტავს დოლაბერიძე.
მისივე თქმით, როცა დამსაქმებელი დასაქმებულს არმატურით სცემს, ბიზნესინტერესებზე საუბარი ზედმეტია.
"ჩემი აზრით, დღევანდელი განხილვა გადაიდო იმიტომ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებაზე ზეწოლაა ბიზნესის მხრიდან -ეს კანონი არ მიიღოთ და ბიზნესი არ დაგვინგრიოთო. ბიზნესს არ უდნა რეგულაციები, ჩვენ კი არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ბიზნესინტერესებზე ვისაუბროთ. ჩვენ გვაქვს სასტარტო მდგომარეობა ნულს ქვემოთ, დღეს დამსაქმებელი დასაქმებულს არმატურით სცემს და ყოველ კვადრატულ მეტრზე, კომპანია 25 თეთრს ზოგავს, დასაქმებული განწირულია სასიკვდილოდ, მთავრობამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, უნდა აიღოს პოლიტიკური კურსი, რომ სამუშაო ადგილზე ადამიანი არ იღუპებოდეს", - განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღს დაგეგმილი განხილვა შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო.


