4 თებერვალს, ბაკურიანში, ცენტრალურ პარკში გაიმართა ლიანა გოგოლაძის სახელობის სათხილამურო თასის გათამაშება 12 წლამდე ბავშვებისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. გოგოლაძის თასის მოსაპოვებლად 5 სპორტული სკოლის აღსაზრდელები ასპარეზობდნენ.
პრიზიორები დაჯილდოვდნენ სათხილამუროდ განკუთვნილი სხვადასხვა სპეც ტანსაცმლით ორგანიზატორი კომპანია "არეასგან".
ტურნირი ჩატარდა მოზარდებში სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების პოპულარიზების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კამპანიის ფარგლებში. საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარება 1930-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა (1931). მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში 1934 წელს.
ლიანა გოგოლაძე საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა საქართველოს სახელით. სწორედ მის სახელს ატარებს ტურნირი, რომელიც წელს პირველად ჩატარდა.