ჩაბუქის ექსტრადირებით შესაძლოა საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლესა და ადვოკატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს გარანტიები, რომ მისი საქმის განხილვა დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს თურქეთში.
,,ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, მათ შორის ეს იქნება ადგილობრივი სასამართლოების დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი ჩვენი მიმართვის გზა, რათა ეს ადამიანი არ დაექვემდებაროს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სასამართლოსადმი როგორც მეგობრის ინსტიტუტით მიმართვა, ასევე შეგვიძლია დავეხმაროთ საერთაშორისო ინსტიტუტებში, ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცესში, ასევე შეგვიძლია წარვადგინოთ ევროპის სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია, სადაც ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ, რომ ჩაბუქის ექსტრადირებით შესაძლოა საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვეს. ეს გულისხმობს იმას, რომ პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს ექსტრადირებას, თუ იგი იმ ქვეყანაში შესაძლოა გახდეს არაადამიანური მოპყრობის, ან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება.