ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდების დაჭრის დროს ბასრი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 9 წელი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პირები, რომლებიც მანამდე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან.
ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პირი არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი, დაიძაბა სიტუაცია და ამ საუბრიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა", - განაცხადა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.