"ბრალდების მხარე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას ვიწყებთ", - ამის შესახებ მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ, თბლისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე რამდენიმე პირი დაიკითხება.
"სხდომაზე დაიკითხება რამდენიმე პირი, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ხსენებული პირების ვინაობას და იმას თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მათ სასამართლოს, ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამან, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს საქმის მსვლელობაზე და სხვა მოწმეების დაკითხვაზე", - განმარტა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოზარდების მკვლელობის საქმის პროცესი, რამდენიმე წუთში, მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
სხდომაზე დაზარალებული პირების დაკითხვაც იგეგმება. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. დაცვის მხარის განცხადებით კი, ისინი ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ.
ამ წუთებში სასამართლოში მივიდა ერთ-ერთი მოკლულის, ლევან სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე.
პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს.
საქმეზე ორი დაკავებული მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.