ჩვენთვის რუსეთის გადაწყვეტილება [რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება] მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას.
„ჩვენთვის მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო რუსეთის სახელმწიფო დუმამ – დოკუმენტის რატიფიცირება, რაც „სამხრეთ ოსეთის“ ჯარების ინტეგრაციას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. უნდა შესრულდეს 2008 წლის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჯარების დაბრუნებას იქ, სადაც კონფლიქტამდე იყო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი და მიმართულება, რუსეთის ქმედება არ შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას“, – განაცხადა იან კელიმ.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები აშშ-მ დაგმო.