უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მარშებს [პეტრო პოროშენკოს] იმპიჩმენტის მოთხოვნით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვაა.
„რაც სასამართლომ დღეს გააკეთა, ეს პირდაპირი მცდელობაა, შეზღუდონ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა. მათ არც ერთი მცდელობა, რომ შეზღუდონ ჩემი გადაადგილება, ურთიერთობა ადამიანებთან, ჩამკეტონ სახლში, არ გამოუვათ... უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ მარშებს იმპიჩმენტის მოთხოვნით“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, კიევის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.