თუ ვითხოვთ ევროპულ ტაქსს, ჯერ უნდა იყოს ევროპული სოციალური მდგომარეობა, ევროპული პენსია და შემოსავლები, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი იურიდიული დოკუმენტაცია ამ დრომდე არც საკრებულოში და არც პარლამენტში შეტანილი არ არის.
„ჩვენი მოსაზრებაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, მაგრამ დღეს ჩვენ რომ ვითხოვთ ევროპულ ტაქსს, მანამდე უნდა იყოს ევროპული სოციალური მდგომარეობა, ევროპული პენსია და შემოსავლები. ხელისუფლებამ, იმის ნაცვლად, რომ მკვეთრი ნაბიჯები გადადგას სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, მოსახლეობას უძვირებს კომუნალურ გადასახადებს, უწესებს ახალ რეგულაციებს. ამ გაუაზრებელი ინიციატივის შემოტანით, ახლა ტაქსის მძღოლების ჯიბეში უნდათ ჩაყონ ხელი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს დაყენებს.