„გამოძიება კითხვებზე პასუხს შეგნებულად არ სცემს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულსწლოვანის ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, მთავარ და მნიშვნელოვან კითხვებზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენმა პირმა რამდენი დანით მიაყენა გარდაცვლილ ორ მოზარდს სასიკვდილო ჭრილობები, გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს პასუხი.
დღეს მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან.
„დაცვის მხარე ჩვენს შესავალ სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ კონსტიტუციის მე-40 მუხლზე, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. დღეის მდგომარეობით, ალბათობის მაღალი სტანდარტია დაკმაყოფილებული. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი სტანდარტით ვარაუდს აკმაყოფილებს, რომ შესაძლებელია, ამ პირებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება“, - აცხადებს ეკატერინე მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყიფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში.
მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დკემებერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს- ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.